როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი წერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართელობა ყოველთვის იყო მისი ოცნება და კარიერის პიკი.
„მსურს გავხდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
აბსოლუტურად მესმის, რამხელა გამოწვევაა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ადამიანი არ უნდა შეჩერდეს, მუდამ ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და არც სიძნელეებს შეუშინდეს. მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ გავართმევ თავს. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და კარიერის პიკი“, – წერს გვრიტიშვილი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წერს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2003-2005 წლებში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, 2005-2007 წლებში კი თბილისის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და ბოლოს იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო.
„2008 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ვიყავი მოსამართლის თანაშემწე საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ჩემი კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა: 2008 წლის ნოემბერში გავხდი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის ოქტომბერში გავხდი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ხოლო 2017 წლის 5 ივნისიდან ვარ ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. იმავე პერიოდში კოლეგებმა ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად“, – წერს გვრიტიშვილი.
დიმიტრი გვრიტიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას 2020 წლის ივლისიდან აღარ იკავებს. ამ პერიოდიდან ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე თავმჯდომარეობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 22 მოსამართლეს წარუდგენს. დიმიტრი გვრიტიშვილის გარდა სიაში არიან: გოჩა აბუსერიძე, თამარ ალფაიძე, თინა ვაშაყმაძე, ილონა თოდუა, ლევან კოკორაშვილი, გენადი მაკარიძე, ნიკოლოზ მარგველაშვილი, რევაზ ნადარაია, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, კახაბერ სოფრომაძე, ბიძინა სტურუა, დიანა ფარქოსაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ნინო ყანჩაველი, ნინო ჩახნაშვილი, ამირან ძაბუნიძე, თეა ძიმისტარაშვილი, ნინო ხარიტონაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.